,,მეჭიაური, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მომავალ გუნდში არ იყოს”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვარაუდით, დეპუტატი თამაზ მეჭიაური თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ”ქართული ოცნების” მომავალ გუნდში არ იყოს.
როგორც კვირიკაშვილმა ”იმედთან” საუბარში განაცხადა, პირადად მისი მხრიდან ამ საკითხის გადაწყვეტა ”უკიდურესად არაეთიკური” იქნებოდა.
”ეს არ არის პიროვნული საკითხი. ეს არის გუნდის კონსოლიდაციის საკითხი – გუნდი უნდა იყოს კონსოლიდირებული, იქ არ უნდა არსებობდეს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში აზრთასხვადასხვაობა. რამდენადაც ჩვენთის არის ცნობილი და ბატონი თამაზი ამას არ მალავს, მას აქვს განსხვავებული მოსაზრება ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით. ამიტომ, სავარაუდოდ, ის თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება მომავალ გუნდში.

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადამიანებთან მიმართებაში ასე იქცევა, რომ მივიღებ გადაწყვეტილებას და ბატონი თამაზი აღარ იქნება – არ ვიტყვი ამას, რამდენიც არ უნდა შემეკითხოთ. მე საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებები მიმიღია ჩემი კარიერის განმავლობაში და დამერწმუნეთ, ამის უნარის ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ მეორეა ადამიანებს როგორ ექცევი და ყველა ადამიანთან უნდა მოვიქცეთ ღირსეულად – ბატონმა თამაზმა ურთულეს პერიოდში, როცა ბევრ ადამიანს ეშინოდა ახალ პოლიტიკურ გუნდთან – ”ქართულ ოცნებასთან” ყოფნა, გადადგა თამამი ნაბიჯები, ამიტომ, ჩემი მხრიდან უკიდურესად არაეთიკური იქნება ვთქვა, რომ მე მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩვენ ბატონ თამაზთან ერთად შევთანხმდებით”, – განაცხადა პრემიერმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეჭიაურის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არის აცდენილი მთავრობის საგარეო პრიორიტეტებს.

ამასთან, კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ახალი წევრების რაოდენობა საპარლამენტო სიაში გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემთხვევაში მოხდა.

”ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან აქტიური განხილვა ამ საკითხის და ეს იქნება გუნდური გადაწყვეტილება. უახლოეს კვირებში, ალბათ, ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ წევრებს ჩვენი გუნდის”, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სიაში უფრო მეტი ახალი სახე იქნება “
შემდეგი სტატია,,ალასანიას ადგილზე, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის აკეთებს”