“ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს, უწყების 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ მისი დასანქცირების ფაქტი შეახსენა.
ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, აღნიშნულ თემაზე ნუ ისაუბრებს, რადგან სანქციები უსამართლოა. მისი თქმით, ის თავადაც დასანქცირებულია პარლამენტში კანონისთვის მხარის დაჭერისა და დეპუტატის უფლებამოსილების შესრულების გამო:
„გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე – არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი. ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა, უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას“, — განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.















