“მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს”- ანდრო ბარნოვი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს

მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს

barnov“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანდრო ბარნოვი პარტიას ტოვებს და ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანდრო ბარნოვი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში 2013 წლის 12 იანვარს მივედი – როდესაც ნაციონალური მოძრაობა, იმ დროს ერთადერთი პროდასავლური პარტია, არჩევნებში დამარცხებული, რუსული პროპაგანდის განწირული მსხვერპლი იყო; როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მასში კეთროვანს ხედავდა, ახალი ხელისუფლება კი განადგურებით ემუქრებოდა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მთელი ჩემი დრო და ენერგია, როგორც 2012 წლის არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ, მიმართული იყო იქით, რომ გაძლიერებულიყო სამოქალაქო საზოგადოება, გაძლიერებულიყო სახელმწიფო, საქართველოში გაძლიერებულიყო დასავლური კულტურა და ამოძირკვულიყო რუსეთის დამღუპველი გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე. მიმაჩნია, რომ ამ მიზნების მისაღწევად მართლაც მოვახერხე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, თუმცა ისიც ცხადია, რომ წინ კვლავაც დიდი გზა გვიდევს.

დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს. სხვადასხვა რთული თუ მარტივი მიზეზის გამო, ამ ხედვის დამკვიდრებას პოლიტიკური პარტიები ვერ უზრუნველყოფენ. საჭიროა საზოგადოებასთან პირისპირ მუშაობა, საჭიროა პირუთვნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა – ყოველგვარი პარტიული ინტერესისა და პარტიული მიზნების გარეშე.

მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს, ვაფუძნებ ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას და სწორედ ამ რანგში გავაგრძელებ მოღვაწეობას. დეტალებს მალე მოვახსენებ საზოგადოებას”, – აღნიშნულია ანდრო ბარნოვის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯუმბერ კირვალიძე: ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან “ხარება და გოგია” დაიძრება თბილისისაკენ!
შემდეგი სტატიაარაღიარებული აფხაზეთიდან საქართელოში ბევრად მეტი თხილი გაიტანეს, ვიდრე რუსეთში