„მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის რაიმე რეპრესიული მომენტი” – ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

„მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის რაიმე რეპრესიული მომენტი. საბჭომ იმსჯელა, რამდენად სწორად ხდებოდა საქალაქო სასამართლოში მენეჯმენტი. მამუკა ახვლედიანის, როგორც მოსამართლის საქმიანობაზე საბჭოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია,“ – განმარტა ლევან მურუსიძემ.

მისივე განმარტებით, მამუკა ახვლედიანს არ ქონდა თანამშრომლობის სურვილი და ის საბჭოს აიგნორებდა.

„შესაბამისად, საბჭო ვალდებულია სასამართლოს სისტემამ ითანამშრომლოს გამართულად. საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში ვერ შედგებოდა ის თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპებს,“ – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

რაც შეეხება მამუკა ახვლედიანის დისციპლინური დევნის საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს, თუმცა პირადად მას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც ცნობილია მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ რჩება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის დღეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა. მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებას სხდომაზე მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა. ერთადერთი ვინც, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა ვახტანგ მჭედლიშვილი იყო.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ შესაძლო ტერაქტების მოწყობაზე გააკეთა განცხადება
შემდეგი სტატიაბელორუსელმა ჰოკეისტმა თანაგუნდელის სიცოცხლე გადაარჩინა (ვიდეო)