“მე ვარ ნასამართლევი,მაგრამ კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“ – ქვარაია კახიძეს

მეც ვარ ნასამართლევი, მაგრამ კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი – ეს განცხადება, მმართველი პარტიის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ქვარაიამ ასე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც სხდომაზე მთაწმინდაზე გუშინ ჩატარებულ არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობაზე ისაუბრა.

კახიძემ თქვა, რომ შემაშფოთებელია, როცა მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან იმ სამყაროს წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც მოქალაქეების საკუთრებას და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახიძეს უთხრა, რომ უხერხულია კახიძისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი თქმით, წინა ხელისუფლება თავად ჩადიოდა კრიმინალს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურზე, მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე მობილიზებული პირების უმრავლესობა ქურდული სამყაროს წევრობისთვის და სხვადასხვა კრიმინალისთვის არიან ნასამართლევი და მათი ბიოგრაფია საჯაროა. მერაბ ქვარაიას განცხადებით კი, არასწორია ადამიანებს კრიმინალის იარლიყი დაუმსახურებლად მიაკერონ.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება ყველაფერი. რაღაც ჩირქი მოვცხოთ ამ არჩევნებს და ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ, ცოტა უხერხულია ჩვენი ამომრჩევლების მიმართ გამოვიჩინოთ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვიღაცა თავს ახვევს, კრიმინალი იქნება ის თუ ვინ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი მგონი არ ღებულობს ასე მარტივად გადაწყვეტილებას და საკმაოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდის არჩევნებზე. ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ეგ არ არის სწორი, მით უფრო ბატონი ოთარისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს, როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, – განაცხადა ქვარაიამ.

banner
წინა სტატიაშიეს გახვეტილი კრიმინალი ავტორიტეტები, როგორც ჩანს, დღეს, რეალურად, იბრუნებენ “სამშობლოს”- მინდიაშვილი
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია – „ძალიან მოკლე დროში შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების ნდობის მოპოვება“