“მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე”-რას იზამდა წულუკიანი ურთმელიძის ადგილზე?!

იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ რა იგულისხმა თავის განცხადებაში, როდესაც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის რომ მოსამართლე ურთმელიძე ყოფილიყო, უფრო კარგ გადაწყვეტილებას დაწერდა.
“ჩემი ასე ვთქვათ, კალამბური იყო პასუხი იმაზე, რაც მოვისმინეთ, თურმე წულუკიანის კაბინეტში იწერება ამგვარი გადაწყვეტილებები. დასანანია, როდესაც არხის, კერძო კომპანიის, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს აქვს იმის ამბიცია, რომ თავი გაასაღოს საზოგადოებაში, თითქოს დამოუკიდებელია მაშინ, როდესაც ის თავად იყო “ნაციონალური მოძრაობის” განათლების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, გენპროკურორი. მას ჰგონია, რომ წასრული გრძელდება, როდესაც მართლაც მის კაბინეტში, ადეიშვილის კაბინეტში სასამართლო გადაწყვეტილებები იწერებოდა. ეს ეპოქა დამთავრდა სამი წლის წინ, როდესაც მე ჩემი საპროკურორო უფლებამოსილებები დავუბრუნე პროკურატურას და მთავარ პროკურორს, როდესაც მოსამართლეები გავათავისუფლეთ იუსტიციის სამინისტროსგან. დღეს ვუპასუხე, რომ მართლაც რომ წერდეს, როგორც წარსულში (ღმერთმა დაგვიფაროს) იუსტიციის მინისტრი ან რომელიმე მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ალბათ, ჩემი სტრასბურგული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ვქნა მაქვს ამის ამბიცია, რომ კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს დავწერდი, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე, არ ვაპირებ, რომ ვიყო მოსამართლის შემცვლელი და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები, პირველ რიგში, აზიანებს იმ მართლმსაჯულებას, რომელიც როგორც იქნა, გათავისუფლდა”, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმა არ გამოუყენებია.
“მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, რომ მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება, მას აუცილებლად გამოვიტანდი საჯაროობის პირობებში. მეორე მხარეს ეცოდინებოდა მაშინვე. რეესტრიდან არ უნდა გაეგო. ეს პროცედურული დარღვევა არ არის, მაგრამ იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, მე რომ ვყოფილიყავი, თუმცა მე არ ვიყავი მოსამართლე”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი არ გამორიცხავს რომ რ2–ის საქმე ახალი სიტყვა იყოს ქართულ მართმსაჯულებაში
შემდეგი სტატიანიკა გვარამია დროებითი მმართველების შეთავაზებას პასუხობს