“მე რომ მაშინ სიმართლე მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი”- ოლეგ მელნიკოვის განცხადება გირგვლიანის საქმეზე

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ოლეგ მელნიკოვის თქმით, დათა ახალაიამ მიიღო დაპირება მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ღაჭავა, ალანია, ბიბილურიძე და აფციაური უნდა ჩამსხდარიყვნენ ციხეში, თუმცა შემდეგ მალევე შეიწყალებდა და გათავისუფლდებოდნენ ციხიდან, – ამის შესახებ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დაკითხვისას განაცხადა. აღნიშნულ საქმეზე ერთადერთი ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია.
როგორც ოლეგ მენიკოვმა აღნიშნა, ახალაია და ალანია გირგვლიანის საქმის სხვა პირებზე გადაბრალებას გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალაიამ ადეიშვილთან გამართა მოლაპარაკება, მას ეცნობა, რომ სწორედ ალანია უნდა ჩამჯდარიყო ციხეში. მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ალანია დათა ახალაიას მეგობარი იყო, ინფორმაციის გადასამოწმებლად დათა ახალაია მიხეილ სააკაშვილთან მივიდა შავნაბადაზე. თუმცა, ოლეგ მელნიკოვის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისგანაც ახალაიამ მიიღო იგივე დაპირება, “რომ აღნიშნულ საქმეზე ბიჭები უნდა ჩამსხდარიყვნენ ციხეში. თუმცა მათი მალევე გათავისუფლება და შეწყალება მოხდებოდა”. მელნიკოვის განცხადებით, ოთხივე პირი აღნიშნულის სანაცვლოდ 100 ათას ლარის ოდენობით თანხას მიიღებდა.
ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, თუ რატომ შეცვალა მოწმემ სასამართლოსთვის არაერთხელ მიცემული ჩვენება, რაზეც მელნიკოვმა განმარტა, რომ ცრუ ჩვენებების მიცემა განპირობებული იყო იმით, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა. “მე რომ მაშინ სიმართლე მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი”, – განაცხადა ოლეგ მელნიკოვმა.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ერთი მოწმის დაკითხვით დასრულდა. შემდეგი პროცესი 25 დეკემბერს, 14.00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეში მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაში“დღევანდელი შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის”- საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს
შემდეგი სტატიაგიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს