,,მე მირჩევნია, პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან”

მე მირჩევნია, პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან და ქუჩაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა მოკლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება პოლიციასთან მიმართებით ჩვენს პოზიციას და დამოკიდებულებას, როდესაც არის ძალადობრივი სისტემა, პოლიციაც ხდება ამ სისტემის ნაწილი. ჩვენ ასეთი სისტემა ვნახეთ 2004-2012 წლებში, როდესაც ამ ძალადობრივი სისტემის პოლიციელები ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს. 140-ზე მეტი ქუჩაში მოკლული ახალგაზრდების გვარი და სახელი არის. დღეს ეს სისტემა არ არის ძალადობრივი. ამაში მეც, ჩემს გუნდს, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც ამ დარბაზშია წარმოდგენილი – შეტანილი გვაქვს ჩვენი წვლილი, ქართველ ხალხს აქვს წვლილი შეტანილი, რომ ეს სისტემა დღეს არ არის ძალადობრივი. მაგრამ დააკვირდით რა ხდება – ნულოვანი ტოლერანტობიდან – ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობა, თმენის ვალდებულება.

პოლიციის თმენის ვალდებულებაში ყოფნა მაშინ, როდესაც ეხებიან პოლიციელს, აყენებენ შეურაცხყოფას და გადასარევად იცის ყველამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტიპის სისხლის სამართლის დანაშაული – შეხება პოლიციელზე, პოლიციელის შეურაცხყოფა, არდამორჩილება გარკვეული წესების მიმართ. როდესაც ინაუგურაციაა, არის საგანგებო პირობები ნებისმიერ ქვეყანაში ამ პირობებს უნდა დაემორჩილოს სტუმარიც, ოპოზიციაც და ა.შ. მე მირჩევნია პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან და ქუჩაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა მოკლას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმილიცია არის ქვეყნის ხერხემალი – გია მიქელაძე (ვიდეო)
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს