,,მე მესმის თქვენი მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, საქართველომ იცის და პატივს სცემს ესტონეთის სიმამაცესა და მყარ პოზიციას”

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში სამუშაო ვიზიტიტ მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მას საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის პატივია და მოხარულები ვართ საქართველოში თქვენი კიდევ ერთხელ სტუმრობის გამო. ნება მომეცით, მთელი გულით გამოვხატო თქვენდამი მადლიერება ჩემი ქვეყნისადმი ასეთი ძლიერი წვლილისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის.

თქვენ ხართ ნათელი, მკაფიო, თამამი და წრფელი ხმა ყველა ამ მსჯელობისას. მე მესმის თქვენი მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან, კონკრეტულად კი ტერმინ “ოკუპაციასთან” დაკავშირებით. ვიტყოდი, რომ საქართველომ იცის და პატივს სცემს თქვენს სიმამაცესა და მყარ პოზიციას. ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ თქვენი გამორჩეული მეგობრობისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა.

“ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში დაბრუნებით, სადაც მაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღო ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავკარგეთ სენატორი მაკკეინი და ძალიან ემოციურია იმის ნახვა, რაც მან გააკეთა. მან შექმნა კონკრეტული და პრაქტიკული შესაძლებლობები, რათა განვითარებულიყო დასავლურ დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა.

ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მის სახელზეც, რათა ხელი შევუწყოთ დასავლურ კავშირებსა და დემოკრატიებს და ასევე ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ გამბედაობას, რათა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ, მაშინაც კი როდესაც ნახევარი საუკუნე გვჭირდება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ.

ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრობლემები მალე გადაიჭრება.

„მალე გადაიჭრება, მაგრამ ვიდრე ველოდებით, არსებობს მრავალი გზა, რომელიც საქართველოს შეუძლია, რომ გააგრძელოს ევროპასთან დასაახლოებლად, მათ შორის შეასრულოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. “მაშასადამე, მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალიან გამიხარდა საერთაშორისო კონფერენციაზე ვეს მიტჩელის და ჩვენი სხვა მეგობრების ნახვა, რომლებიც ასევე ძალიან მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – ესტონეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

 

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ტერორისტებისათვის მომსახურების გაწევის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა
შემდეგი სტატიაჩვილებზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა