17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

“მე კოლეჯიდან არ წავსულვარ, გამაგდეს!”— ზურაბ ოშხნელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ზურაბ ოშხნელი აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, „ზემოდან“ იყო მიღებული.
“უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს ნათესავს, მეგობარს, კოლეგას და სტუდენტს ჩემი და კოლეჯის დაბადების დღის მოლოცვისთვის!
აქვე, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე კომენტარი გავაკეთო სოციალურ ქსელებში (და არა მარტო) ბოლო დღეებში ჩემთან და კოლეჯთან მიმართებით გააქტიურებულ საკითხზე – “რატომ წავიდა ზურა კოლეჯიდან”
მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს მიზეზი ეთქვათ! გამაგდეს ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას!
მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი „გათლილი“ სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი „გაპრავების“ ვალდებულებაღა დაუტოვეს!
მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენის და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარეული ადამიანების გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებ, დავალება „ზემოდან“ მოვიდა!
მე არასდროს მიმუშავია „ზემოთ“ და არც რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილვარ; ამიტომ არ ვიცნობ შიდა სახელისუფლებო თამაშებს! თუმცა, 1989 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ვცდილობდი მეთანამშრომლა ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის; ჯამში, ვიმუშავე განათლების 22 მინისტრთან; – იყო კომუნიკაცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, იყო გაუგებრობებიც, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ვაკეთებდი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეს და არაფერს პირადულს! იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ დანიშნულ განათლების რამდენიმე მინისტრზეც.
არაკომპეტენტური პირების მხრიდან იმის მტკიცება, რომ „ავტორ ოპერატორი შეცვალა ვიდეოოპერატორმა და ამით არაფერი შეცვლილა“, აბსურდულია! მე განათლებაში მოვედი 33 წლის ასაკში – მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო აკადემიური და პროფესიული განათლების მიღების შემდეგ 12 წელი ვიმუშავე მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში გეოფიზიკოსად და ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტში ჩეხ და პოლონელ კოლეგებთან ერთად ტყიბულში, ახალ ათონში, ნორილსკში (რუსეთი), პოლონეთსა და ჩეხეთში ლოკალური სამთო დარტყმების (ლოკალური მიწისძვრების) პროგნოზირების აქტუალურ საკითხების კვლევისა და ინსტრუმენტალიზაციის მიმართულებით. ამდენად, ჩემი აკადემიური კომპეტენციები 1989 წლისთვის უკვე მაძლევდა ქვეყანაში სრულიად ახალი საგანმანათლებლო არაფორმალური და ფორმალური განათლების მიმართულებით სამი სასწავლებლის შექმნისა და მართვის შესაძლებლობას. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ განათლებას – მეამაყება, რომ როგორც დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორ-ოპერატორმა ვიმუშავე ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ბატონები გიორგი ებრალიძე, გია ჭუბაბრია და მერაბ კოკოჩაშვილი!
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეითა და ინიციატივითაა შექმნილი კოლეჯი, მინდა აქაც განვმარტო, რომ რომ არ ვაპირებდი სამუდამო დირექტორობას. ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, მე ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩემი შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი! როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა!
ყველას გასაგონად ვამბობ – კოლეჯი დიდი ხანია რაც აღარაა ჩემი კუთვნილება! ის ეკუთვნის სრულიად საქართველოს ყველა ახალგაზრდას, მის ყველა კურსდამთავრებულს და მასწავლებელს; ამდენად, ყველაფერზე, რაც წინამდებარე „გენიალური“ გადაწყვეტილების გამო კოლეჯში მოხდება, პასუხს კოლეჯის დასამარების აქტზე ხელმომწერები აგებენ!
დღეს არაფერს ვიტყვი პირზე, რომლის სურვილი, როგორც ვხვდები, მის უნარებს ბევრად აღემატება და ამის სადემონსტრაციოდ მხოლოდ ერთ ლეგალურად მოპოვებულ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ.
გუშინ, 2 ოქტომბერს მე 70 წელი შემისრულდა, ჩემს მიერ შექმნილ სატელევიზიო სკოლას 37!
ორივეს „მშვენიერი“ საჩუქარი მოგვიმზადა ხელისუფლებამ! „დიდება პარტიას!“
P.S. არ შეშინდეთ, ბატონებო! მე არ დავბრუნდები კოლეჯში, რადგან პრინციპულად აღარ ვითანამშრომლებ „დიდი წითელი აგურის სახლში“ შეხიზნულ რიგით ოცდამეორესთან, რომელსაც არ შეძლებია “საკუთარი სამწყსოს” დაცვა „გარე შემოსევებისგან“! სამაგიეროდ, სულ მალე, კოლეჯში აუცილებლად დაბრუნდებიან ჩემზე განათლებული და ჩემზე კომპეტენტური, კოლეჯში აღზრდილი თაობები, რომლებსაც შორეული 37 წლის წინ (ისე ეს 37 წელიც რა სიმბოლურია) ვუწინასწარმეტყველე ბატონი ნოდარ დუმბაძის ზურიკელას ოცნების ახდენა – მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!”_ წერს ოშხნელი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდსა და საქვაბე სისტემაზე იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიატრამპი: ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება, რომელსაც ირანთან დაკავშირებით მივიღებ