მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან -სააკაშვილის სარეკლამო რგოლი ვარშავიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სარეკლამო რგოლი ჩაწერა, სადაც საქართველოში “გათენებასა” და ქვეყნის “წყვდიადიდან” გამოყვანაზე ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს შეუძლია პოლონეთივით განვითარდეს. ყოფილი პრეზიდენტი , ქართველ ხალხს ახალ რეფორმებს სთავაზობს.

“მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე არის ევროპაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში”, — ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, უნდა გაუქმდეს რიგი გადასახადები და შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა.

“მთავრობა შემცირდება, ფულს ვეღარ მოიპარავენ. სად წავა ეს ფული? — ყველა ეს თეთრი, რომელიც არ შეიჭმევა ამათ მიერ, წავა სოციალურად დაუცველებზე”, —აღნიშნავს ექსპრეზიდენტი.

ასევე, სააკაშვილის თქმით,საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უნდა დაიხუროს. მისი თქმით, ყველა მსუბუქი დანაშაული, ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებით.

„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბევრ ალტერნატიულ საშუალებას, რესოციალიზაციას, ადამიანები ციხეში არ უნდა გამოვკეტოთ. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, პედოფილები, ყაჩაღები და ძალიან შეზღუდული რაოდენობის დამნაშავეები. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში. საქართველოში გაიზარდა სხვა თაობა, მაგარი განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ფლობით. ამ ხალხთან ერთად შევქმნით ყველაზე წარმატებულ მთავრობას ევროპაში. საქართველოში ქართველები იქნებიან ბედნიერები და საქართველოდან წასული ქართველები დაბრუნდებიან უკან. ყველა უნდა გავერთიანდეთ. დავდგეთ ერთად და ერთად დავძლიოთ წყვდიადი. საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა
შემდეგი სტატიამას უნდა ჰკითხოთ, რის საფუძველზე აკეთებს ამ დასკვნებს, ეს თალაკვაძის პრობლემაა – გეგიძე გამოკითხვაზე შესვლამდე, თალაკვაძეს პასუხობს