“მე და საზოგადოებას” სწავლების დაწყება 2017–2018 წლისთვის, სავსებით შესაძლებელია”

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, საგნის, „მე და საზოგადოება“ სწავლება, 2017–2018 წლისთვის სავსებით შესაძლებელია.

თამარ სანიკიძის თქმით, საგან „მე და საზოგადოების“ შესახებ წერილობითი და რეცენზიული სახის გარე რეფერირებაც ჩატარდა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მიღებული რეკომენდაციები ამ ეტაპისთვის მუშავდება. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ნაბიჯი, მით უმეტეს, როდესაც საუბრობ ახალგაზრდებზე, სკოლის მოსწავლეებსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარიც არის საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, მართლაც იყოს შეჯერებული და ჩამოყალიბებული პროცესი. შეჯერებული და ჩამოყალიბებული პროცესი ვერ იქნებოდა, თუ არ იქნებოდა შესაბამისი არგუმენტაცია – რატომ ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რამდენად საჭიროა. ვიცით, რომ მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად ვიხილავდით იმ კვლევის შედეგებს, მათ შორის, სავალალო შედეგებს, რომელიც გვქონდა ამ კუთხით და ახალგაზრდებთან მიმართებაში წარმოდგენილი. ბოლოს, მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ გარე რეფერირებაც კი ჩავატარეთ, წერილობითი, რეცენზიული სახის სხვადასხვა დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან. ამ მომენტისათვის, მუშავდება მიღებული რეკომენდაციები“,-განაცხადა მინიტრმა. სანიკიძის განმარტებით, არცერთ რეკომენდაციაში არსად არ არის მითითება იმაზე, რომ ტექსტში რაიმე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. „ეს არის პროფესიონალური რეკომენდაციები რომელსაც, მე ვფიქრობ, რომ დავამუშავებთ და საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. დაახლოებით ერთი კვირის სამუშაო გვექნება, რომ საბოლოო სურათი დავდოთ და ვთქვათ, რას საჭიროებს მეთოდური და პროფესიონალური თვალსაზრისით, ამ საგნის გადამუშავება. ამის შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელიც თან ახლავს ახალი საგნის შემოტანას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადება, მეთოდური მასალის შემუშავება და ა.შ.“,-აღნიშნა სანიკიძემ. მისი თქმით, პროცესები გახსნილი იქნება, შესაბამისად ყველას შეეძლება დააკვირდეს და მონაწილეობა მიიღოს. „ჩვენ თავიდანვე გვქონდა გეგმაში, რომ ახალი საგანი შევიდოდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და სკოლები დაიწყებენ ამის სწავლებას 2017–2018 აკადემიური წლიდან და არა 2016–2017 აკადემიური წლიდან. 2016 წლიდან ამ საგნის სწავლების დაწყება პრაქტიკულად გამორიცხული იყო და ამის ამბიცია არც არავის არ ჰქონდა, რეალურად, ეს 2017–2018 წლისთვის სავსებით შესაძლებელია თავისი მასწვალებლის გადამზადების კომპონენტის გათვალისწინებით“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბათუმის წყლის” დირექტორი ბრალდებებს უარყოფს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე საქართველოსა და “სოკარს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა