მე და მიშას 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს და გვინდა ზუგდიდში აღვნიშნოთ

მე და მიშას 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს და გვინდა აქ აღვნიშნოთ, ზუგდიდში, თქვენთან ერთად, – ამ სიტყვებით მიმართა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს.

სანდრა რულოვსმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ და „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მიხარია, რომ ისევ აქ ვდგავარ, ისევ კარგი ამინდია, ბევრი ხალხი და უკვე 11 პარტია მოვედით აქ. ვეღარავინ ვეღარ მოგვერევა. ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით და საუკეთესო პირველი ლედობის კანდიდატი, ნინო ანანიაშვილის სახით. ძალიან მიხარია სამეგრელოში ყოფნა, თუმცა მე ხშირად ვიყავი თქვენი სტუმარი ქველმოქმედების სახით, ვეხმარებოდი ხანში შესულ ადამიანებს, ბავშვებს, დავდიოდი სოფლებში და მომავალი წლისთვის მაქვს ახალი პროექტი დაგეგმილი შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო დარგში. 28 ოქტომბერს ძალიან დიდი რამ გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი და პროევროპული ქვეყანა. დღეს ქვეყანა ჩიხშია შესული, აღარაფრის იმედი არ გვაქვს, ჩვენ მარტო ვართ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი საქმე ბოლომდე არ მიუყვანია და ეს ახლა უნდა გააკეთოს.

„რომ დავდივარ მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, როდის ჩამოვა. მე ვამბობ, მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. 17 ნოემბერს ჩვენ გვაქვს ქორწინების 25 წლის იუბილე, მე მინდა, და მასაც არანაკლებად, რომ ჩვენ ეს თარიღი აქ აღვნიშნოთ, ზუგდიდში, თქვენთან ერთად. ღმერთმა ქნას ასე იყოს, ჩამოვიდეს მშვიდობიანად, პრობლემების გარეშე, დაგვხვდეს 11 გაერთიანებული პარტიის მომხრე და დანარჩენი ადამიანებიც მიხვდებიან, რომ საქართველოსთვის ასე ჯობია. მიშა ამბობს, მინდა ვიყო ჩემს ქვეყანაში, დავეხმარო ადამიანებს, ბევრი რამ არ მიმიყვანია ბოლომდე და მინდა გავაგრძელო გზა, რომელზეც ვიდექით. თქვენი იმედი მაქვს“, – მიმართა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში,,ვუკრძალავ ზვიად გამსახურდიას მკვლელობით სპეკულირებას წინასაარჩევნო სპექტაკლში ყველა ქოცს”
შემდეგი სტატიაშსს – ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა