მე ჭორაობაში ვერავის ავყვები – ოხანაშვილი ბესელიას პასუხობს

მე ჭორაობაში ვერავის ავყვები – ასე პასუხობს მმართველი პარტიის წევრი ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე საეჭვო პირთა წრე გამოიკვეთა.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიამ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიაწოდოს, რადგან სწორედ მათი კომპეტენციაა ამ დანაშაულის გამოძიება.

„ეს საკითხი არის შესაბამის ორგანოს კვლევის საგანი ამიტომ ამ ადამიანმაც უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და თვითონ უნდა დაასახელონ. მე ჭორაობაში ვერავის ავყვები. შესაბამისად, სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუკი ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი სამართლებრივად ყველამ უნდა აგოს პასუხი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერი და ბესელიას ყოფილი თანაგუნდელი, გია ვოლსკი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, რომელიც კიბერდანაშაულია რთულად გამოსაძიებელია. ამიტომ ვოლსკიც ფიქრობს, რომ ბესელიამ და ყველა პირმა, ვისაც კადრების გავრცელების საქმეზე რაიმე ინფორმაცია აქვს გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს და თუ ამის შემდეგ შეამჩნევს, რომ საგამოძიებო უწყება რეაგირებას აგვიანებს, უნდა მოსთხოვოს მას რეაგირება.

„თუკი თავად ეკა ბესელიას ან ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაზე გააჩნია ასეთი ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და თუ შეამჩნევს,რომ რეაგირება აგვიანებს მათზე უნდა მოითხოვოს რეაგირება,“-აცხადებს გია ვოლსკი.

განცხადება ბესელიამ დღეს გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ გონივრული ვადა საქმის გამოძიებისა ამოიწურა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას არ აქვს არანაირი შედეგი. ბესელია აცხადებს, რომ ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრებს და საეჭვო გარემოებებსა და გვარებს დაასახელებს.

banner
წინა სტატიაშიროდესაც აქტიურდება მსგავსი პროვოკაციული განცხადებები, საჭიროა მეტი სიმტკიცე აჩვენოს ხელისუფლებამ – ბესელია კარასინის მუქარაზე
შემდეგი სტატიაგავიარე სამედიცინო კომისია. შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ – სააკაშვილი