მე ასეთი მწყობრიდან გამოსული ჩემი თავი არც მახსენდება-ლევან ქარდავა ნიკა კვარცხელიაზე

ბოლო რამოდენიმე დღეა ვერ ვიმშვიდებ თავს, აზრებს ვერ უყრი თავს, ბრაზს ვერ ვერევი… მიუხედავად მილიონი საფიქრალისა და საზრუნავისა, მაინც ვერ ვიგდებ თავიდან ნიკოზე ფიქრს. მე ასეთი მწყობრიდან გამოსული ჩემი თავი არც მახსენდება. დაახლოებით ორი წლის წინ, როცა შემთხვევით ნიკოს ინტერვიუს წავაწყდი, რამოდენიმეჯერ უყურე მას. არც ვიცოდი და არც დავინტერესებულვარ ვისი შვილი იყო და ვისიანი, იმდენად თვითკმარი და საინტერესო იყო ის როგორც პიროვნება.
მე არ მქონია ბედნიერება ის პირადად გამეცნო, მაგრამ იმ დღიდან თვალყურს ვადევნებდი მის აქტივობას და ვრწმუნდებოდი რომ მას მყარი შინაგანი “სიმძიმის ცენტრი” ქონდა და ყველაფერი რასაც ლაპარაკობდა და აკეთებდა ბუნებრივი იყო, რწმენით და დინჯი თავდაჯერებით გაჯერებული იყო მისი საუბარი გეგმებზე და მიზნებზე. ამდენ სიბინძურეში, სიყალბეში და უნიათობაში, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას გავდა მისი გამოჩენა. მიუხედავად ასაკისა, ის ჩამოყალიბებული და სწორად ჩამოყალიბებული პიროვნება იყო უკვე. როგორ მტკივა მასზე წარსულში საუბარი, მაგრამ ვერ ვერევი ვერც ცრემლებს და ვერც განცდას რომ მე მომიკლეს ნიკო, როგორც იმედი უკეთესი მომავლის და პოზიტიური დღის წესრიგის ჩემ ქვეყანაში.
იმ კრულ დღეს გავიგე, რომ ნიკო გიას შვილია. ადამიანის სტატუსი და თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემთვის ადამიანთან ურთიერთობის ან მისდამი დამოკიდებულების განმსაზღვრელი. მე რაც ვიცი, ისაა რომ გია არასდროს არ ყოფილა, მიუხედავად მისი სტატუსისა, მტაცებელი. ისიც ნიჭიერი და გამორჩეულად განათლებული ახალგაზრდა იყო როცა უკუღმართი სისტემის წყალობით გახდა ის ვინც გახდა. მამის ნიჭიერებას მანკიერება დაეპატრონა, შვილისას მარადისობა და ამაში არაა არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და არც მდგრადი ლოგიკა, ეს უბრალოდ მწარე და აუტანელი მოცემულობაა. ჩვენ ხომ მთელი ისტორიის მანძილზე შევეგუეთ, რომ ყველაფერ კარგს ან გვიკლავენ ან წაგვიხდენენ, მანკიერება კი ყვავის და მასთან ერთად ცრუმორწმუნე სექტანტების მენტალიტეტიც.

ამ ბოროტების შემსრულებლები ჩემთვის უსახელო არარაობებია, მათ საქციელს არც დაწერილ და არც დაუწერელ კანონში შეღავათი არ აქ! მაღიზიანებს სათაურებიც და ვერსიებიც, რადგან ასე მგონია მთავრს ვცდებით, რომ საქართველომ ღირებული შვილი და მოქალაქე დაკარგა. ის არ იყო “კანონიერი ქურდის” შვილი, ის იყო მშობლების მიერ ღირსეულად აღზრდილი პიროვნება, ის არ იყო “ბიჭი მომავლიდან”, ის იყო ბიჭი აწყმოდან, კონკრეტული გეგმებით და კეთილი ზრახვებით, რომელსაც არ გაუფრთხილდით და ვერ დავიცავით, რადგან ვგუობთ კრიმინალთან მოკეკლუცე ხელისუფლებებს და მოცემულობას ვეგუებით. ნიკო კი სამყაროს შეცვლაზე ფიქრობდა და არა არსებულზე მორგებას. სიკეთის ძალა ბოროტების დამარცხებაში კი არაა, არამედ ამდენი ბოროტების გარემოცვაში, სიკეთე რომ მაინც სიკეთედ რჩება ეგაა სიკეთის ძალა! ნიკოში ეს ძალა მე დავინახე და ამიტომაც მზარავს ის რა იმედგაცრუებასაც და ცოფს ვგრძნობ, არ მინდა ბოროტებაზე ვიფიქრო…

ნათელში იყოს შენი კეთილი სული, ჩემო საიმედო ქართველო!-წერს ლევან ქარდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
შემდეგი სტატიავარო კვარცხელია ნიკა კვარცხელიაზე-ცხოვრების გარიჟრაჟიც საკმარისი გახდა, მრავალშრიანი კვალი დაეტოვებინა