მე ამიკრძალეს ტაძარში გალობა– თამრიკო ჭოხონელიძე

ცნობილი ქართველი მომღერალი და პიანისტი თამრიკო ჭოხონელიძე, ამბობს, რომ შობის ღამეს, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ვერ იგალობებს; ჭოხონელიძის თქმით, ბოლო 2 წელია არ უმღერია, რასაც ანტიჰომოფობიური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას უკავშირებს.

[აღსანიშნავია, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა].

“ეს იყო 17 მაისი, როდესაც გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დღე და მე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მე ვთვლიდი, რომ ეს დღე გარკვეულად დაპირისპირება იყო. მაშინვე მოხდა ეს ამბავი, მაისის მერე პირველივე შობა, როდესაც მოვიდა ამ ჩემი განცხადების შემდეგ, მე უკვე საპატრიარქოს მგალობელთა გუნდიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ვეღარ ვიმღერებდი. ორი შობაა არ მიმღერია.

ფაქტია, რომ მე ამიკრძალეს ტაძარში გალობა. არავის ჩემთვის არ განუმარტავს რატომ, ჩათვალეს, რომ მე ამით დამსაჯეს, რომ მე აღარ ვგალობ ტაძარში, სიმართლისთვის მსჯიან.” – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე “მთავართან”.” – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე აქვე ამბობს, რომ შესაძლოა, პატრიარქს მასზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ან პატრიარქმა ამ საკითხზე არაფერი იცოდეს.

“დაახლოებით, 10 წელი ვგალობდი, მათ შორის ჩემს შვილებთან ერთად. რაც არის ძალიან დიდი ნდობა პატრიარქის და მე დღეს ძალიან გული მტკივა, დარწმუნებული ვარ პატრიარქამდე რაღაც არასწორი ინფორმაციებია, ალბათ, ჩემთან დაკავშირებით მისული. მე არ ვიცი იცის თუ არა პატრიარქმა ის, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ იმის გულისთვის აღარ ვგალობ, რომ ადამიანის ჩაგვრას, ორიენტაციის, რასის, რელიგიური მრწამსის და მსოფლმხედველობის მიხედვით, ვეწინააღმდეგები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომ პატრიარქმა იცოდეს, მე ის აუცილებლად გამიმართლებს ჩემს საქციელს და არაფრით არ გამამტყუვნებს” – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე მათაც გამოეხმურა, ვინც ედავება, რომ თითქოს მომღერალმა, ეკლესიის კანონი დაარღვია.

“ვინმემ ამიხსნას, რომელ საერო თუ საღვთო კანონში წერია, რომ ადამიანი, იმის გამო რომ შენ არ მოგწონს, უნდა დაიჩაგროს. რამდენიმე ჩემთვის უგუნური კომენტარი გაჟღერდა და ერთ–ერთი იყო ის, რომ თქვენ ეკლესიის კანონი დაარღვიეთ,

რომელი ეკლესიის კანონი დავარღვიე ის მიპასუხონ, როდესაც ადამიანის ჩაგვრას არ დავუჭირე მხარი, ეს არის ეკლესიის კანონის დარღვევა?მე პირიქით, ქრისტიანული კანონი არ დავარღვიე.

ვიღაცის კანონი თუ დავარღვიე მაშინ იმ ვიღაც რამდენიმე ადამიანმა მომკითხოს პასუხი. თუ რამდენიმე ადამიანის კანონი და დოგმა დავარღვიე, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მე საეკლესიო კანონი არ დამირღვევია, ქრისტიანული კანონი არ დამირღვევია, პირიქით წინააღმდეგი ვარ ადამიანის ჩაგვრის.” – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

მომღერალი აქვე განმარტავს, რომ საშობაოდ სიმღერის აკრძალვაზე საჯაროდ მხოლოდ იმიტომ ისაუბრა, რომ გულნატკენია და არა გაბრაზებული.

“ვთქვი იმიტომ რომ ვარ გულნატკენი, არ მინდა რომ ხვალ და ზეგ ჩემი შვილები,შვილიშვილები და მათი თაობა აღიზარდოს მონური მენტალიტეტით, ღრმა მენტალიტეტით, რომ აუცილებლად იმას რასაც ეტყვიან, უნდა შესრულონ, არამედ მათ უნდა გააჩნდეთ თავისი აზრი და იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ ფიქრობენ სწორად. როდესაც შენს აზრს და პოზიციას არგუმენტირებულად ასაბუთებ, ვფიქრობ რომ უნდა იდგე მყარად, რაც არ უნდა გამოენთონ ე.წ. დამცველები და ეკლესიის ერთგულები, მე ვარ უფლის ერთგული. მე არანაირად გაბრაზებული არ ვარ, კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ მე ვარ გულნატკენი. ” – თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ.

banner
წინა სტატიაშილელოს არჩეულმა დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს
შემდეგი სტატიამდინარაძე: კახი გამორჩეულია