მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება.

პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები, მათ შორის გეოგრაფიული თუ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის სწორად გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ქვეყანას ზაფხულის ტურისტული სეზონის გადარჩენის და უცხოელი ვიზიტორების უსაფრთხო გარემოში მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი ჟანგბადი იქნება.

საბჭომ იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 263 057 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 254 916 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 430 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 301 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 149 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ვირუსის ბლოკატორები