“მდუმარე მღვდელმთავრების საყურადღებოდ!”-რას წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი?!

“საბოლოოდ ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება, ძმებო”-მარტინ ლუთერ კინგი-ასე ასათაურებს ვრცელ პოსტს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი,სადაც ამბობს,რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია კრიზისშია.

“თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მორალურ თუ სულიერ კრიზისშია. ფაქტობრივად, სახეზეა სრული იზოლაციონიზმი, ანტიკანონიკური “წესრიგი”, სახარებისეული იდეალების იგნორირება, თეოლოგიური კოლაფსი, პაპოცეზარიზმი, კლერიკალიზმი და დექრისტოცენტრული მოცემულობა, რაც აბსოლუტური ურწმუნოების, ტრიუმფალური ეიფორიისა და მკრეხელობის უმაღლესი ფორმების გამოხატულებაა.

ამ ფონზე, სავალალოა ხედავდე მღვდელმთავრებს, რომელთაც პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, პრინციპულობა და იდეისათვის გარჯა უჭირთ.

ინდიფერენტიზმი, პასიურობა და ნელთბილობა კონტრპროდუქტიულია და სოციალური (საზოგადოებრივი კაპიტალი) სუიციდის საწინდარიც კი შეიძლება გახდეს. მრევლი დაღლილია პათეთიკური თუ დიდაქტიკური შეგონებებით, ორაზროვანი განცხადებებითა და ეგოისტურად “ფრთხილი” რიტორიკით. ხალხს სწყურია კონკრეტული მესიჯები, სიმართლე და უანგარობა და არა მოჩვენებითი აკადემიზმი, კომპლექსიანი ელიტიზმი, ცრუ ასკეზა და დიპლომატიური ნიღაბი. ადამიანობა, უბრალოება, სისადავე, ნამდვილობა და ღიაობა კვლავაც ანთებული ჭრაქით ხელში იძებნება დიოგენეს (მორწმუნეთა) მხრიდან, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ პიროვნებას – მეუფე პეტრეს ხედავს იგი და სხვას ვერავის, რადგან სიმხდალისა და უსინდისობის წყვდიადს მოუცავს არე-მარე!

არადა, სასულიერო მოღვაწეობაში ლოიალურობა, კონფორმიზმი, შიში და დიპლომატია – წამგებიანია ბოროტებასთან შერკინების გზაზე, რამეთუ “მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.” (ფსალ.131,9).

გამოცდილება გვკარნახობს, რომ რაც უფრო მეტს დათმობენ ბლაგვი სისტემის მიმართ, მით მეტი დაუნდობლობით გაუსწორდება მათ შექმნილი რეჟიმი.

იმისათვის, რათა არ გავხდეთ ხელშემწყობნი უკეთურებისა, აუცილებელია სიმართლის ტირაჟირებისათვის ხელშეწყობა. როგორც წმ.ნიკოლოზ სერბი ამბობს: “უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ. თუ მას გულგრილად ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც უსამართლონი ვართ”!

საღვთო შურისგება, მართლმკვეთელობა და პატიოსნება უნდა ავალდებულებდეს მაღალიერარქს, რომ ერთმანეთისაგან განჰყოს სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და სიცრუე, ნათელი და ბნელი, მაცხოვნებელი და წარმწყმედელი, “რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან”(ფსალ.10,8).

ვის შეუძლია განაცალკევოს თეთრი და შავი? მხოლოდ ჭეშმარიტებას! როგორც მაცხოვარი ამბობს: “არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი” (მათ. 10:34). და რა არის ეს “მახვილი” და რა პათოსი აქვს მას? ძალმომრეობის თუ ექსტრემიზმის? თავს მოხვევის თუ პოპულიზმის? რა თქმა უნდა არცერთის! უმთავრესი პათოსი მდგომარეობს სიმართლისა და სიყვარულის სამხვერპლოზე საკუთარი თავის ზვარაკად მიტანაში. შესაბამისად კანონზომიერია, როცა ქრისტეს ერთგული მხედარი ექსორიობას, დევნას, შევიწროვებას, ცილისმწამებლურ წნეხსა და საზოგადოებრივ მარგინალიზებას განიცდის, რადგან ეს არის გარდაუვალი ხვედრი ჭეშმარიტების დამცველთათვის, სიწმინდის ქომაგთა და მოციქულობრივი ღვაწლის აღმასრულებელთათვის. მაცხოვარი ბრძანებს: “ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას” (იოანე15,19) – დიახ, სავსებით ნორმალურია, როცა მეინსტრიმსა და პროპაგანდას აყოლილ ადამიანებს, რომელთაც ჩვეულებაში დანერგილი უპასუხისმგებლობა, ცნობიერებაში გამჯდარი სიზარმაცე და სიბრიყვე ახასიათებთ, რომ სძულდე, რადგან ტკბილად მთვლემარე კაცს ყოველთვის აღიზიანებს, როცა ვინმე აღვიძებს მას.

არც ის არის არაბუნებრივი ღირსეული მიტროპოლიტისათვის, როცა რეპრესიული მანქანებით უსწორდებიან მას. განა თავად მაცხოვარი არ გვაფრთხილებს გარდაუვალ ხვედრზე, როდესაც ბრძანებს: “გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს” (იოანე 15,20)-რასაკვირველია საპატრიარქოში არ სცნობენ ღმერთის ჭეშმარიტ რაობას და შესაბამისად ლოგიკურია მათი ქმედებანი ღმერთის შემცნობელთა მიმართ!

ცხადია, ქრისტე არ ყოფილა პირდაპირი გაგებით რევოლუციონერი, მეამბოხე და ანარქისტი, მაგრამ მისმა ზემიწიერმა სიმართლემ რევოლუციები მოახდინა წარმართულ რომის იმპერიაში, ცოდვის წინააღმდეგ ამბოხებაში მოიყვანა ღვთისმოსავნი და სამოქალაქო ანარქია შეამთხვია სინედრიონს, ფარისევლებსა თუ სადუკევლებს ერთად, რომელთაც ხან ეშმაკეულობა, ხან სჯულის გატეხვა, ხან ხალხის მტრობა, ხან სახელმწიფოს ღალატი და შარლატანობა დააბრალეს მესია-ღმერთკაცს!

ამდენად, ჭეშმარიტების, უბიწოების, სიმართლისა და სიკეთის დამცველთა მიმართ ბრალდებები არახალია და ნაცნობი.

დასანანია თუნდაც თანამოაზრე მღვდელმთავართა დუმილი მეუფე პეტრესთან მიმართებაში, რომელთაც ავიწყდებათ ბიბლიური კრედო: “სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი” (ფსალ.118,16) – დიახ, უფლის შეგონებათა სრული ამნეზია და ალცჰეიმერი დამართნია ჩვენს სინოდს, რომელსაც, როგორც ჩანს ქონებრივი გადანაწილება და გავლენის ბერკეტები არ ეთმობა, ისევე როგორც ავგუსტუსის დროს ვერ ელეოდნენ ძალაუფლებას კაიაფა, ანნა და ალექსანდრე (მღვდელმთავრები), რადგან პოლიტიკური ნიშნით იყენებდნენ ღვთისმსახურებას და მატერიალისტური პრიზმიდან აღიქვამდნენ გარე სამყაროს. შესაბამისად, ახლაც, როცა იერარქია ვერ თმობს ცხონების სანაცვლოდ სტატუსს, ფუფუნებას, კომფორტსა და განცხრომას (რასაც მეუფე პეტრე საკუთარი ნებით, უყოყმანოდ შეელია სიმართლისათვის) აუცილებლად დაიწყებენ უტიფრულ დისკრედიტაციას, გაუტანლობას, სიცრუის ტირაჟირებასა და საკუთარი სინდისის ანესთეზიას, როგორც მაცხოვარი ამბობს: “ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს” (იოანე 15,21).

ამრიგად, ეპისკოპატის ნომინალურო წარმომადგენელნო! ვშიშობ, რომ თუკი იუდამ ვეღარ იტვირთა სიცოცხლე ღალატით შებღალული და შიშთვილიბა, თქვენც დიდი ალბათობით, როგორც მინიმუმ საკუთარ რენომეს ასამარებთ თქვენი მიკიბულ-მოკიბულითა და პოზიციური მდუმარებით, რომელსაც ნამდვილად არაფერი აქვს საერთო მონაზვნურ ისიხიასთან!

და მაინც, ვინ შეიძლება ვერ იყოს გადაწყვეტილებებში თავისუფალი? ალბათ ის, ვისაც პირადი ბექგრაუნდისა და ცოდვების მძევლად გაუხდია საკუთარი თავი და კომპრომიტირებულს ვერ ძალუძს ხმის ამაღლება!..

P.S. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინდა დავპირდე საკუთარ შესაძლებლობებზე მეტად ამბიციურ და გადაჭარბებულ თვითშეფასებაში დამტკბარ მაღალიერარქებს, რომ თუკი აწი მაინც არ აღიმაღლებენ ხმას იმ განუკითხაობასზე, სოდომურ სიბილწესა და ზნეობრივად დეგრადირებულ მდგომარეობაზე, რომელშიც დედა-ეკლესია ილია II-ის პიროვნებამ და მისმა რეჟიმმა მიიყვანა, ნუღარ ექნებათ იმედი, რომ ოდესმე, რომელიმე მათგანს პატივს მივაგებთ, ან პატრიარქობისთვის ბრძოლაში მხარს დავუჭერთ; პირიქით! უმთავრესად მათ ცბიერებას, სიჩუმეს (“დუმილით გაიცემა ღმერთი”! წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი) ორპირობასა და მზაკვრულ კეკლუცობას ვამხელთ და როგორც მინიმუმ ცივილიზებულად გავაწბილებთ თავიანთ ილუზორულ ოცნებებში. ამისათვის კი არცერთ შემთხვევაში არ მივმართავთ აკრძალულ მეთოდებს, არამედ ისევ და ისევ წმინდა წერილსა და მართლმადიდებლურ სწავლებას დავეყრდნობით, რადგან “სიმართლე იგი ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს და წამებულ სჯულისა მიერ და წინასწარმეტყველთა“ (რომ. 3.21). ამინ!”-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

 

banner
წინა სტატიაში“მაჟორიტარი გაყვანილობისთვისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არაა არჩეული”
შემდეგი სტატიანიკა მელია-მოსატყუებელი კბილი ერმა მოიცვალა