42 წლის ნათია აფხაზავას ოჯახი, სამართლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს – ისინი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან მდუმარე აქციას მართავენ და მოითხოვენ, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჭატურიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
აფხაზავები ამბობენ, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ხაჭატურიანი მარტო ვერ შეძლებდა, რასაც მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს.
სამეგრელოში მოკლული ქალის ახლობლების თქმით, აფხაზავას დანით მიყენებულ 41 ჭრილობასთან ერთად აღენიშნებოდა ხელ-ფეხების და გულმკერდის მოტეხილობა.
აქციის მონაწილეები დეტექტივ ნიკა სოხაძისა და დაკავებული ქალის დედამთილის დაპატიმრებას მოითხოვენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, სწორედ ისინი ეხმარებოდნენ ახალგაზრდა ქალს მკვლელობაში.
შემთხვევა ზუგდიდში 13 აგვისტოს მოხდა – აქციის მონაწილეების განცხადებით, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებულ ნათია აფხაზავას გარემონტებული ბინები უნდა ჩაებარებინა, მაგრამ სოხაძეებისთვის გამოგზავნილი ფული, რომელიც ამ ბინების რემონტს უნდა მოხმარებოდა გაფლანგული დახვდა.
ნათია აფხაზავას ოჯახის წევრების მტკიცებით, ქალმა კითხვებზე პასუხები მოითხოვა, რის შემდეგაც ის სასტიკად მოკლეს.
















