მდინარაძე: თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე მეტს ვერ მივიღებთ, რიგგარეშეს განვიხილავთ

“თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე მეტს ვერ მივიღებთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს განვიხილავთ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ შეთანხმებას ხელს ვაწერთ. გარდა ამისა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, განვიხილავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.

რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, “ვერ ხვდებიან”, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-ანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე. წ. “ჩამკეტიც” ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა!

სამაგირეოდ, ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რა პირობებზე უნდა წავყვეთ მათ იმისთვის, რომ გარანტირებულად მოაწერონ ხელი შეთანხმებას:

1. დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ნაც. მოძრაობასთან, უპირობოდ და ყოველგვარი სამართლებრივი მექანიზმის გვერდით ავლით გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

2. ასევე ყოველგვარი პირობის გარეშე დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა არ უნდა მიიღოს “ქართულმა ოცნებამ”, – წერს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაში“რადიო თავისუფლება” სტრასბურგს რუსეთისგან დაცვას სთხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინა ევროკავშირისა და ნატოს წვერობას ითხოვს