მდინარაძე სააკაშვილზე: ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს, თითქოს მოდის და ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება

მიხეილ სააკაშვილი გავლენების მქონე პირის როლს თამაშობს, ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს, თითქოს მოდის და ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილს ჰგონია, რომ მისი განცხადებების შედეგად, საპროტესტო ტალღა აზვირთდება.

„მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენების მქონე პირის როლს თამაშობს. საპარლამენტო არჩევნებზე ერთადერთი არალეგიტიმური პირი იყო, ვინც საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული და ლიდერად გვევლინებოდა, რადგან ის არც საქართველოს მოქალაქეა და თან ქართული კანონმდებლობით, თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ეს ადამიანი თავის მომხრეებს აქეზებს, რომ რაღაც ისეთი გააკეთონ, რაც მხოლოდ მის დესტრუქციულ გეგმებში ჯდება და ცდილობს, ვიღაცას თავი მოაჩვენოს, თითქოს, ახლა მოდის და ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშობს და ჰგონია, რომ ამით რაღაც საპროტესტო ტალღას ააზვირთებს. საპროტესტო ტალღა მაშინ ზვირთდება, როცა სიმართლეზეა დაფუძნებული. როცა სიმართლე არ არის, რაც უნდა ეთერებში დასვან თავიანთი მომხრეები და ალაპარაკონ, რომ ოქმები გაყალბდა, უკვე დოკუმენტურად მტკიცდება, სინამდვილეში რაშიც იყო საქმე. დარწმუნებული ვარ, პროვოკაციაზე მათივე მომხრეები არ წამოეგებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ სამსახურის დატოვებას, რომლის თქმითაც, ამის მიზეზი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

„ივანე ბურდული არის მათი წრიდან. ის რომ ვინმეს ორი წლის წინ გაეთავისუფლებინა, ამბავი ატყდებოდა, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლესო და არც არავინ გაათავისუფლებდა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, ყველამ იცოდა, რომ ეს ადამიანი მათი ოჯახის წევრი იყო. შაშკინის უახლოესი მეგობარია. შეიძლება, ეს ადამიანი ამ სცენარის ნაწილიც იყოს, ეს ჩანს. უკვე პირდაპირ მითითებებს აძლევს, უბნების გადათვლას აზრი აღარ აქვს, გაყალბება არ იქნება და სიცრუეში გამხელენო“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ყველა ქვეყანაში ყოველთვის რევოლუციას ამზადებს ხელისუფლება”- რას წერს თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატიათორნიკე რიჟვაძე – კონკრეტულ ძალებსა და აქციებში მონაწილე ადამიანებს მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები