მდინარაძე – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნებს შესაბამისი დაწესებულება, იმოქმედებენ ისე, როგოც ნებისმიერ სხვა პატიმარზე, რომელიც შიმშილობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა მოშიმშილე პატიმრის მიმართ თანაბარი პირობები არსებობს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შესაბამისი სამინისტრო და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დაწესებულება და სამინისტრო იზრუნებს.

„ყველასთვის იქნება თანაბარი პირობები, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი, დამნაშავე, კრიმინალი თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საპატიმროში იხდის სასჯელს და ამავდროულად შიმშილობს. დასჭირდება გადასვლა, შესთავაზებენ. უარს იტყვის? მის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს რაც დასჭირდება ის კი არ იქნება დომინანტი, ამოსავალი წერტილი პენიტენციური სისტემის და სასჯელაღსრულების დაწესებულების მამოძრავებელი ძალა. მათი მამოძრავებელი ძალა, მოტივატორიც და კანონის ფარგლებშიც გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ყველა მოშიმშილის მიმართ არსებობს ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ანუ მის ჯანმრთელობას რაც დასჭირდება, იმას გაუკეთებენ. არავინ არც მეტს და არც ნაკლებს არ გაუკეთებს, იმას გაუკეთებენ, რაც დასჭირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, დამთავრდა. ამის იქით რაც უნდა ვილაპარაკოთ, სადღაც გადავა, გადმოვა, ეს ყველაფერი დღის წესრიგი, ნარატივის შექმნის მცდელობაა, რომელსაც არავინ არ ჩაჰყვება. იმოქმედებენ ისე, როგოც ნებისმიერ სხვა პატიმარზე, რომელიც შიმშილობს. იქნება კვლევა ჩასატარებელი, ჩაუტარებენ. რა მეთოდით, როგორ, თვითონ გადაწყვეტენ და არა მისი ინტერესების დამცველები.

სწორედ დღვანდელი იქნება ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მყარი პასუხი, რომ ერთი პატიმრის შიმშილს, რომელმაც ბევრი დანაშაული ჩაიდინა და ახლა სასჯელს იხდის, აკავშირებთ პოლიტიკურ პროცესებთან და ამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. არც პოლიტიკური კრიზისია და ჩემი აზრით, არც იმას ჰქვია შიმშილი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, მაგრამ კარგი, ვთქვათ, შიმშილობს, მის ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნებს შესაბამისი დაწესებულება, შესაბამისი სამინისტრო. იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს, რომ ეგრეთ წოდებულმა თუ ნამდვილმა შიმშილობამ არ მოიტანოს ცუდი შედეგი მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურში გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს და ქვეყანა ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს.

„მეორე მხარეა პოლიტიკური პროცესები. ჩვენ ოცივე ოლქში, ოცივე რაიონში გავიმარჯვებთ, მყარ გამარჯვებას მოვიპოვებთ, გამარჯვებას, რომელიც 47%-ით დაგვირგვინდა წინა შედეგით, ამ გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე და ამ ნარატივსაც დავასრულებთ. შესაბამისად, ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს ქვეყანა. სამი წელი გვაქვს წინ, რომ მეტი დინამიკით ვიფიქროთ განვითარებაზე. რაღაცებს შეეცდებიან, იფაფხურებენ, შემდეგ იგივე შედეგით დასრულდება, როგორც წინა შემთხვევაში. მოინდომებენ ძალიან ცუდ რაღაცებს, ვერ მოახერხებენ, შემდეგ გაგრძელდება ამ ქვეყნის განვითარება და 2024 წელს შევიტანთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. მეტი დინამიკა და გარანტია იქნება მშვიდობის, სტაბილურობის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავს იმ მარცხს, რაც 2 ოქტომბერს იწვნია
შემდეგი სტატიათბილისში უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს