„შაბათის მარშს“ ტრადიციულად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. მისი განცხადებით, დღევანდელი საზოგადოებრივი ბრძოლა იმ უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეების მეთვალყურეობას უნდა მიეძღვნას, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტს გაურკვეველი მიზეზებით კვეთენ.
ზურაბიშვილის შეფასებით, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია, ხოლო შემოდინებულმა ნაკადმა შესაძლოა მომავალში პროვოკაციები გამოიწვიოს.
„დღევანდელი ბრძოლა არის ის, რომ 100 000 რუსი შემოდის ამ ქვეყანაში ისე, რომ პატრონი არ გვყავს. არ ვიცით, ვინ შემოდის, სად რჩებიან, გადიან თუ არა ქვეყნიდან. ვინ არიან ის პროვოკატორები, რომლებიც ხვალ დაგვაბრალებენ რუსოფობიას? ამიტომ, ეს ყველაფერი არის დიდი წრე, რომელსაც სჭირდება კონტროლი. უსაფრთხოება აღარ გვაქვს, არავინ ვიცით, ვინ რას აკეთებს. მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა… ამიტომ ეს არის დღევანდელი ჩვენი საფიქრალი, რომ არ ავყვეთ არცერთ პროვოკაციას, მაგრამ ყოველდღიურად მოვითხოვოთ კონტროლი ამ უკონტროლო მდგომარეობაზე.
ჩამოშლის პირას კი არ არის ეს [მმართველი გუნდი], აღარავინ დარჩა — ერთი კობახიძე კანკალებს ალბათ დღეს, ერთი კალაძე, რომელიც თავისი რუსთაველის ტყვეა და შეიძლება ერთ დღეს იქვე ჩაიმარხოს, ისეთ დღეშია რუსთაველი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან.














