საქართველოში ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავებას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მდინარაძემ წინა ხელისუფლების პერიოდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აქამდე ქვეყანაში რეალური ჯაშუშური ქსელების გამოვლენას „ვერავინ ბედავდა“.
მდინარაძის განცხადებით, როდესაც ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდამდე ქვეყანაში რეალური ჯაშუში არავის დაუკავებია, ის გულისხმობს იმ მეთოდებს, რომლებითაც წინა ხელისუფლება მოქმედებდა.
„ვგულისხმობ იმას, თუ ვის იჭერდნენ „ნაცების” დროს ჯაშუშობაზე. ხან ფოტოგრაფს დააბრალეს და ხან იმათ — მიშა სააკაშვილს რომ აგინა პირდაპირ ეთერში. მერე გაზეთები ამოუღეს, რუსებს გაზეთებს უგროვებდაო…
ადამიანი, რომელიც ქსელს ხელმძღვანელობს, ფულს, დავალებებს ანაწილებს და მერე ანგარიშებს ითხოვს, არასდროს საქართველოს ისტორიაში არ დაგვიკავებია. ამაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ თვეების წინ. მტკიცებულებების შეგროვება, რომ რეალური ჯაშუშები დაკავებულიყვნენ, აქამდე საქართველოში თუ ვერავინ გაბედა, ეს ჩვენ შევძელით და ამით მე პირადად ამაყი ვარ“, — აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.















