მდინარაძე ივანე ბურდულზე: “შაშკინის პროტეჟე იყო”

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ცესკოს თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

“ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ხარ, პრაქტიკულად, და გაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან – Facebook-ში უკვე ვრცელდება, მათ შორის, შაშკინმა ამ არჩევნებზე ბევრი აიღო თავის თავზე და შაშკინთან მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აქ შეიძლება, რბილად რომ ვთქვათ, სუბიექტური ინტერესებით იყოს გამოწვეული და, ეს, ბუნებრივია, ასეც არის.

არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან ახლო ურთიერთობაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან და, შეიძლება, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონის შესაქმნელად იგივე ქმედება გაიმეორონ. შეიძლება, ბევრი არ იყოს ასეთი, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაც მათ ილუზიას უჩენს, რომ ჩამოიშალა ქვეყანა. ეს ასე არ არის. საქართველოში არაფერი არ იმალება, ვნახე რამდენიმე წუთის წინ ფოტოები მისი და დიმიტრი შაშკინის. როგორც ჩანს, ეს ადმაიანი მისი პროტეჟე იყო, მეგობრეობენ და ბუნებრივია მისი საქციელი.” – ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბის დამტკიცებას ისევ სიყალბით ცდილობს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია სოციალურ ქსელში მათ მიერ დაფინანსებული გვერდი – „გაყალბებული ოქმები“.

„ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას. ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი – „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს, რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითრებისთვის ქმნიან, რაც არ გამოუვათ“, – გააცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის სახელით, სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის პარალელურად მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს. გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე მათ ესაუბრებიან , პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან, ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე ოპოზიციის აქციებზე: მე ხომ არ მივალ იქ, რომ დისტანცია დაიცვან
შემდეგი სტატიამათიკაშვილი – პატარა პროცენტის მქონე პარტიების პოზიცია ცოტა უცნაურია