მდინარაძე გავრილოვზე: სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი, პროტოკოლის თანამშრომელმა მიუტანა

ჩვენი შეცდომა იყო, რომ გავრილოვი ამ დარბაზში შემოვუშვით, ამას ერთ-ერთი პირველი ვამბობდი. ამ ტექნიკურ შეცდომას მოჰყვა რა თქმა უნდა, გულწრფელი ემოციები. ჩემი მეგობრებიც იყვნენ იმ დღეს გარეთ აქციაზე, მაგრამ შემდეგ შეხედეს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც მიტინგად და უბედურებად გადაიქცა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პარლამენტში იმყოფებოდნენ, დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც ნახეს, რომ შეჭრის პერსპექტივა აღარ არსებობდა.

„ტყუილი რომ თქვენი საფირმო და სამარკო ნიშანია, ეს გასაგებია და ტყუილზე აგებულ ნარატივს რომ სთავაზობთ საზოგადოებას, ესეც გასაგებია. მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით, ხალხნო, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ შტურმი მარტო გარეთ კი არ იყო, ორსაათიანი დედის გინება პოლიციელების, თავში ჩარტყმა, ცოცხალი ადამიანების მოპარვების შემთხვევები, არამედ აქ, ამ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები,ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ, როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით. გავრილოვს რომ არ წაეყვანა ეს სხდომა, მის წინ ბერძენი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი. იმ კაცმა პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, სკამი მომიტანეო და წამოსკუპდა. ის კაცი მაშინ სხვა სკამზე იჯდა. წარმოიდგინეთ, ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, ჩვენი შეცდომა იყო ამ დარბაზში რომ შემოვუშვით, ამას ერთ-ერთი პირველი ვამბობდი. ამ ტექნიკურ შეცდომას მოჰყვა, რა თქმა უნდა, გულწრფელი ემოციები, ჩემი მეგობრები იყვნენ იმ დღეს გარეთ აქციაზე, უახლოესი მეგობრები, ძალიან ახლობლები, მაგრამ შემდეგ შეხედეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც მიტინგად და უბედურებად გადაიქცა. აქ კადრებს ხედავდნენ, რომ წინა რიგებში განთავსებულები იყვნენ მათი წარმომადგენლები და ეხვეწებოდნენ მანდატურები, მიბრძანდით, იქნებ, დატოვოთ სხდომის დარბაზიო. ცოცხალი თავით არ გადიოდნენ, ვიდრე ნახეს, რომ აქ შემოჭრის პერსპექტივა აღარ იყო. ეს იყო 20 ივნისი თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ენმ-ზე: ბედავენ ზუსტად იმდენს, რამდენ ხმასაც იღებს
შემდეგი სტატიაზარქუა: მელიასგან გმირი არასდროს გამოვა, პრინციპები არ აქვს