მდინარაძე: გახარიას პრემიერობაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 11:36

მდინარაძე: გახარიას პრემიერობაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა.

“გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, აქედან დაიწყო მან, ისე ეკონომიკის სფეროში, სადაც ძალიან წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას და შემდეგ იურიდიულ სფეროში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობით. აქედან გამომდინარე, გუნდმა, პარტიამ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კანდიდატი , რომელმაც უნდა დაიკავიოს პრემიერმინისტრის თანამდებობა. ფიქრობთ, საინტერესო კვირა გვექნება, რადგან მოვისმენთ პროგრამას, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე. აქედან გამომდინარე დღევანდელ სხდომაზე [გახარიას პრემიერად დასახელების საკითხზე] აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, არ დაფიქსირებულა”, – თქვა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ უკვე 76 დღეა, მოქალაქეები გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ 20 ივნისის ღამის დაშლის გამო, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს აქციები “ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული”.

“ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ საქართველოში “გავრილოვის რევოლუცია” არ მოხდა. ამ არშემდგარი რევოლუციის ავტორები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იყვნენ. შესაძლებელია მართლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც გარკვეულ მოვლენებს გულწრფელად აღიარებენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაორგანიზებული აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდება”, – თქვა მდინარაძემ.

სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს.

ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.

შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.

“ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის”, – თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს და პროგრამას პარლამენტში ის დღეს წარადგენს.

ქართული ოცნების ამ განხცხადების პარალელურად პარტიის ოფისთან აქცია”სირცხვილია” მიმდინარეობს.

ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო აქცია სირცხვილია იმართება – სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 11:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics