მდინარაძე: ევა გოცირიძე პროფესიონალი იურისტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის დასახელებას გამოეხმაურა. მდინარაძე აცხადებს, რომ ევა გოცირიძე პროფესიონალი იურისტია და მის მიმართ პოლიტიკური სიმპათიებისა და მიკერძოებულობის ეჭვი რომ ყოფილიყო, “ქართული ოცნება” მას კანდიდატად არ დაასახელებდა.

“ბევრი კანდიდატი ამ პოსტზე არ განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია საკონსტიტუციო სასამართლოს ერ-ერთ მოსამართლეს ვადა გასდის. ქალბატონი ევა იურიდიულ წრეებში და საზოგადოებაში ცნობილია როგორც პროფესიონალი იურისტი. გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს ობიექტური და მოუკერძოებელი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის არის პროფესიონალი იურისტი და მას იურიდიული საზოგადოება პრაქტიკულად ერთხმად აღიარებს. მახსოვს რომ ქალბატონი ევას მიმართ იყო გარკვეული კითხვები, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასცა. გვახსოვს მისი განვლილი გზა წინა ხელისუფლების პირობებშიც, როდესაც სამართლიანად უპირისპირდებოდა მაშინ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის იქნება კარგი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ევა გოცირიძის წარგზავნასთან დაკავშირებით წინადადება ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს.

28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის ვადა ლალი ფაფიაშვილს ეწურება. ის პარლამენტმა 2007 წელს აირჩია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის – ჰენრიკ ჰოლოლეი
შემდეგი სტატიაელისო კილაძე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ საედ დუდაევის ფოტოს აქვეყნებს