ბიძინა ივანიშვილი დამატებით სტიმულსა და მოტივაციას აძლევს ეროვნულ ნაკრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ძალიან მაგარია, რომ ეროვნულ ნაკრებს სოლიდური ჯილდო ერგება.
„30 მილიონი ლარი არის დამატებითი სტიმულია იმ ეროვნულ სიამაყესთან ერთად, რომ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, ამ შემთხვევაში, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დამატებით სტიმულს, მოტივაციას აძლევს ეროვნულ ნაკრებს. ძირითადი მოტივაცია არის ქვეყნის სიხარულის, ბრძოლის, გამარჯვების ჟინი, შენი ქვეყნის და ხალხის გახარების სურვილი. დამატებითი სტიმული, რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაციაა. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მაგარია, რომ სოლიდური ჯილდო ერგებათ ჩვენს ბიჭებს.
ეს ერთადერთი თემაა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აქაც რაღაცებს ჩააკვეხებენ ხოლმე. ასეთი გამაერთიანებელი თემა მეორე ხომ არ გახსენდებათ. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს 30 მილიონის გადახდა ნაკრების წევრებისთვისო. მოდით, აქ მაინც დავანებოთ ამას თავი. დიდი სიხარულთ გადასცემს ყველა ყველაფერს, რაც კი შეუძლია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის თითოეული ჩვენგანი. რაც კი შეგვიძლია, ყველაფერს გავიღებთ, რათა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ მეტი გამარჯვება მოიპოვოს და ეს ბრძოლის ჟინი დაანახოს მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.