მდინარაძე – არ ვიცი, რა ეწყინათ, ის რომ მეცენატად იქნა ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არ იძლევა ინტრეპრეტაციის შესაძლებლობას, რომ ომი საქართველო დაიწყო და „რომც იძლეოდეს, ქართველებმა ეს მაინც არ უნდა ვილაპარაკოთ“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია.

„ამ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყო, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა, რომ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილ იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და ისე არ უნდა გამოაჩინო საზოგადოების თვალში, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების დროს, სამართალწარმოების დროს ყველა სიტყვას, განცხადებას შესაძლებლია მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს რომელიმე ქართულმა მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, რა უნდა ჩაწერილიყო სახლემძღვანელოში, ამაზე მხოლოდ რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას – რაც ეწერა რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგი მოქმედება იქიდან გამომდინარე, რომ იქ ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მქომედებები, რაც არის დადანაშაულება საკუთარი ქვეყნის და ჯარისკაცების იმაში, რაც მათ არ ჩაუდენიათ.

განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია, შეგიძლიათ წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით. რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად რუსულად, ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს განათლების სამინისტროს და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას.

რაც შეეხება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს, მდინარაძის თქმით, აღნიშნულ სახელმძღვანელოში ყველა პრეზიდენტზეა საუბარი და მასში ჩანაწერები პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

„მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. იქ ყველა პრეზიდენტზეა საუბარი, რაც ვნახე. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს რომ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას ასევე არ უნდა ექვემდებარებოდეს, განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ შეფასებები იქნება. როდესაც ფაქტებია, ამ ფაქტებს ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ.

არ ვიცი, რა ეწყინათ, ის რომ მეცენატად იქნა ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად. რომელი არ არის მართალი? მეცენატი არ იყო და არ არის, ქველმოქმედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – უახლოეს მომავალში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია
შემდეგი სტატიამდინარაძე: ინფორმაციას იმგვარი ინტერპრეტაცია არ უნდა მისცე, რაც შეიძლება, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს