3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. მედია, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი ხშირად ხდება ძალაუფლების მქონეთა სამიზნე. ინფორმაციული ავტოკრატიის პირობებში ეს გამოწვევები კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს ატარებს, როცა დეზინფორმაცია, მათ შორის გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული, ასევე დისკრედიტაციის კამპანიები და კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) მედიისა და ცალკეული ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული გარემოს შესაქმნელად გამოიყენება და იზოლირებული ხასიათი არ აქვს,_ აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.
გარდა ამისა, მედიის განვითარების ფონდი „მითების დეტექტორთან” ერთად მომზადებულ კვლევას ასაჯაროებს.
როგორც მედიის განვითარების ფონდის (MDF) და „მითების დეტექტორის“ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიები ინტენსიურ ხასიათს ატარებს. დოკუმენტი აჯამებს 2025 წელსა და 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში გამოვლენილია 42 შემთხვევა, სადაც გავრცელდა დეზინფორმაციული ან მანიპულაციური შინაარსი. ყველაზე ხშირი იყო ვიზუალური მანიპულაცია — მათ შორის ვიდეოსა და ფოტოების დამახინჯება. დაფიქსირდა ასევე თაღლითობის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტების გამოსახულებას სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებისთვის იყენებდნენ.
კვლევის მიხედვით, დისკრედიტაციის ძირითადი ტაქტიკებია ჟურნალისტების მიკერძოებაში დადანაშაულება, გენდერული დეზინფორმაცია და სლატშეიმინგი, ასევე მორალური ნიშნით თავდასხმები და ციტატების გაყალბება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის ყველაზე ხშირი სამიზნე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები და მათი ჟურნალისტები არიან. მათ შორის დასახელებულია ტელეკომპანია „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „კავკასია“, „მთის ამბები“ და სხვა.
დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც, ავტორების შეფასებით, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული კამპანიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.
ანგარიშის მიხედვით, დეზინფორმაციული მასალების გავრცელებაში ხშირად მონაწილეობენ როგორც ანონიმური სოციალური ანგარიშები, ისე პოლიტიკური და მედიური აქტორები, რაც მედიისთვის მტრულ გარემოს ქმნის.

















