მცხეთიდან ავტობანი შესაძლოა, ვლადიკავკაზამდე გაგრძელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზის მშენებლობაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში იგეგმება, დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი და ავტობანი მცხეთიდან ვლადიკავკაზამდე.

“4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზეც და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე.

“ვფიქრობთ, გავაფართოვოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დაკავშირებული და აღარ იქნება საჭირო სტეფანწმინდაში ჩასასვლელად გუდაურის გადავლა. ვფიქრობთ, რომ ეს გზა მთლიანად ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემები იქმნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაგეგმილია ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გზა გვირაბების მეშვეობით გზის გაყვანა.

„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა 4 წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩნდება კითხვები, რატომ დასჭირდა პროკურატურას ორ კვირაზე მეტი, რომ გოდერძი თავაძისთვის ბრალი წაეყენებინა”
შემდეგი სტატიაეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს