12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასური უქმდება

მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურს არ გადაიხდიან. შესაბამისი ცვლილება საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მცირე მარნების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

„მცირე მარნების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების შედეგად გავითვალისწინეთ არსებული გამოწვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებისთვის არ გავრცელდეს. ამასთან, სერტიფიცირება რჩება სავალდებულო მოთხოვნად, რადგან ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა.

1 სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია, თუმცა მცირე ზომის მარნებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოდ განხორციელდება. მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება და მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე: სამგზავრო მატარებელზე დარტყმა აჩვენებს, თუ რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია პუტინი
შემდეგი სტატიაკახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა- არიან დაშავებულები