საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს, არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ICDO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში.
„ხაზი გაესვა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას სასწავლო პროგრამებისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებაში“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორგანიზაციის როლი სამოქალაქო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციაში, სტიქიური უბედურებების რისკების შემცირებასა და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფ რეაგირებაში.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.
















