მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა მეორე მოსმენით – 80 მომხრე, 3 წინააღმდეგი, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლის – ცალკეული ოლქების გაერთიანების და ცალკეული ოლქების დაყოფის ინიციატივა მუხლობრივად განიხილეს.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საარჩევნო ოლქების საზღვრების განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი ერთიანდება და დედაქალაქს 18 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 22 საარჩევნო ოლქი ექნება. პირველი მოსმენით მიღებული ვერსიისგან განსხვავებით, ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, ხოლო სამტრედიას ცალკე – ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. ცვლილებებით, ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
კანონპროექტით დგინდება, რომ პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შეიქმნება, მათი საზღვრები და ნომრები “საარჩევნო კოდექსით” განისაზღვრება, ხოლო ცესკო უფლებამოსილი იქნება, დადგენილებით შექმნას საარჩევნო ოლქები იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც გათვალისწინებულია ორი ან მეტი საარჩევნო ოლქის შექმნა, თუ საარჩევნო ოლქის საზღვრები კოდექსით დადგენილი არ არის.
მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონპროექტი ხმების თანასწორობის პრინციპს ეფუძნება და მისი მიღების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თანასწორი გავლენა იქონიონ დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებისას.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ლიდერები საქართველოს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ულოცავენ
შემდეგი სტატია2016 წლიდან, საქართველოს მოქალაქეები, შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე იმგზავრებენ