33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“Mazda”-ს მარკის ავტომანქანების ყალბი განცხადებით გაყიდვა: პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელში განათავსეს ყალბი განცხადება შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ცენტრიდან „Mazda“-ს მარკის ავტომანქანების შეღავათიან ფასად გაყიდვის შესახებ. დაინტერესებულ მოქალაქეს ბრალდებულებმა ცენტრის ღია ავტოსადგომზე განთავსებული ავტომანქანები აჩვენეს და 17 ავტომანქანის შეძენა, თითოეულის 30 500 აშშ დოლარად შესთავაზეს. ასევე გადაუგზავნეს ხუთი ყალბი ინვოისი, რომლებზეც შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ყალბი რეკვიზიტები, ბეჭედი, ავტომანქანების საიდენტიფიკაციო (VIN) კოდები იყო დატანილი და დაზარალებული დაარწმუნეს, რომ ავტომანქანების შესასყიდად თანხა ჯგუფის წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.

დაზარალებულმა ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე ეტაპობრივად, ჯამში 450 900 აშშ დოლარი ჩარიცხა, რომელსაც ბრალდებულები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო მიმალვაში მყოფი ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი დოკუმენტის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშივივასი: მაროკოდან სეუტაში გადასვლისას, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია“კანონიერი ქურდობისა” და “ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე სასამართლომ 7 პირი დამნაშავედ ცნო