მავნებლური მცდელობა, ფეხბურთელები პრეზიდენტის წინააღმდეგ განაწყონ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ოცნების” განცხადებებზე

ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ, – ასე ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ოცნების” და კერძოდ, კახი კალაძის განცხადებას. საქმე ეხება დედაქალაქის მერის განცხადებას, სადაც მან, პრაქტიკულად, თქვა, რომ ფეხბურთულებს პრეზიდენტის ორდენის მიღება არ უნდა უღირდეთ.

განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედებები პრეზიდენტის და მისი ინსტიტუტის დისკრიმინაციას ემსახურება, რაც მეტადრე, ისტორიული მატჩის წინ, სირცხვილია.

სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.

სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: რუსეთს არ აქვს განზრახული შეაჩეროს შეტევა ხარკოვის რეგიონში
შემდეგი სტატიაკაციტაძის უწყება შეიქმნა იმისთვის, რომ დანაშაულებზე რეაგირება არ მოახდინოს – ლონდა თოლორაია