რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ მოსკოვი თბილისთან დიალოგისთვის მზადაა “თუნდაც საპარლამენტო დონეზე”. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერს. მისი თქმით, ქართველი ხალხი რუსების მიმართ მეგობრული რჩება და თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, დიპლომატიური ურთიერთობის არქონის მიუხედავად, მოსკოვიც მზადაა ამისთვის.
“ჯერჯერობით კონტაქტები არ არის – გასაგებია, რომ ჩვენი მიზეზით არა… საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ბევრი რამის გადააზრება ხდება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, ეს განსაზღვრავს განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს“, – განაცხადა მატვიენკომ პარლამენტის სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მატვიენკომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თუ რითი დამთავრდება საარჩევნო კამპანია.
“ჩვენ როგორი პატივისცემაც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ, კვლავ ასე რჩება… ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრული. ვნახოთ, რით დამთავრდება საარჩევნო კამპანია,” – განაცხადა მატვიენკომ.