პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს იმის, რომ დააკნინოს ცვლილებები, ამით საკუთარ უუნარობას ავლენენ.
“არაერთი შემთხვევაა, როცა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რიყეზე გადიან და ქვას ვერ პოულობენ. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს იმისა, რომ დააკნინონ ცვლილებები, რაც მთავრობის აღმასრულებელ რგოლში ხდება, ამით საკუთარ უუნარობას ავლენენ, რომ აღიქვან, გაანალიზონ და სწორი შეფასება გააკეთონ.
კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. კარგად მოგეხსენებათ, რა მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მოქმედებას, მით უმეტესს, როდესაც საუბარია სამართალდამცავ ორგანოებზე და მით უმეტეს როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, რომლის გარშემო ცეცხლის რკალი, ომი და უბედურებაა და საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი. ამ შემთხვევაში რა დიდი ახსნა-განმარტება და გააზრება უნდა დასჭირდეს, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიგოს და მიხვდეს, თუ რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრს, რომელიც მაკოორდინირებელი ფუნქციით იქნება აღვსილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.
















