სალომე ზურაბიშვილი არასდროს არ უსმენს ქართულ საზოგადოებას, არ ხელმძღვანელობს ქართველი ხალხის ინტერესებით და ყოველთვის საზღვარგარეთ იყურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტისგან, რომელიც რეალურად ოპოზიციის პრეზიდენტია და არა საზოგადოების პრეზიდენტი, არა მხოლოდ ვეტოებით დამუქრება არ არის გასაკვირი, არამედ ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს მოლოდინი, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტი, შესაძლოა, ოპოზიციის ფლანგზე ერთ-ერთ ლიდერად იქცეს, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რაღაცნაირად შეაკოწიწოს პოლიტიკური რესურსი და მასთან მოხდეს დღევანდელი ფიქტიური პრეზიდენტის აფილირება.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის ე.წ. შუაშისტური ილუზიის შექმნა, თითქოს ქვეყანაში არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ არის დაკავშირებული და რომელსაც არც „ქართული ოცნება“ მოსწონს. ცდილობენ, რაღაცნაირად შეაკოწიწონ ასეთი პოლიტიკური რესურსი და მასთან მოხდეს დღევანდელი ფიქტიური პრეზიდენტის აფილირება. ამ კონტექსტში სავსებით რეალისტურია, იყოს ასეთი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, ოპოზიციის ფლანგზე ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. ამ ე.წ. შუაშისტური ილუზიის შესაქმნელად სავსებით რეალისტურია, ეს პროგნოზი განხორციელდეს, მაგრამ ქართული საზოგადოება არც ასეთი მიამიტია და ჩვენი ქვეყანა არც ასეთი გამოუცდელია, რათა რამე კუთხით ეგონოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გუშინდელი პროკურორი ნიკა გვარამია, „ნაცმოძრაობის“ გუშინდელი თავმჯდომარე ნიკანორ მელია იმდენად გაუნაწყენდნენ თავის დედაპარტიას და ისე მოხდა ამ პარტიისგან განრიდება, რომ ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. არ არსებობს არანაირი შუაშისტური ძალა. ეს არის ერთიანი სქემა. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არის დაშლილი შესაბამის ნაწილებად და ცალკეული ნაწილები ცდილობენ, საზოგადოებას თვალი აუხვიონ. მაგალითად, „ლელო“. ხაზარაძეზე როგორ შეიძლება ითქვას, რომ ის არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული? ან გვარამიას რაღაც ახალი პროექტი? ეს ხომ სასაცილოა? ამით ცდილობენ, 5%-იან ბარიერს გადააპარონ ეს ვითომ შუაშისტური პარტიები, გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისგან მიიღონ ხმების გარკვეული რაოდენობა და შემდგომ უკვე, პარლამენტში მოხდეს ამ კონსტრუქციის აგება, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლავ ხელისუფლებაში მოსვლა, ტერორი, გაუპატიურება, საკუთრების წართმევა და მკვლელობა, რომლითაც 2003-დან 2012 წლამდე ასე გამოიჩინა თავი, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილმა, ზოგიერთ ქვეყანაში რომ ტაშით იღებენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის სტატუსით ყოფნა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე მიმდინარე განხილვაზე დასწრება, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის უპატივცემულობის გამოხატვა მთლიანად ქვეყნის და საზოგადოების მიმართ, რომელმაც ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ჩატარებულ არაერთ არჩევნებზე მხარი დაუჭირა არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ქართულ ოცნებას“.
„ეს არის მილიონ ორასი ათას ადამიანზე მეტი. ეს არის სირცხვილი, როდესაც კაბინეტებში, სადაც ჩვენც რომ ჩავდივართ, კანონის უზენაესობაზე გვესაუბრებიან, ზის ადეიშვილი. ჩვენ არცერთი წამით არ ვაყენებთ ეჭვქვეშ იმას, რომ გერმანია ჩვენი პარტნიორია; ზუსტად ვიცით, გერმანიას როგორ სურს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და წარმატება, მაგრამ ხანდახან არის ისეთი მოცემულობები, როდესაც „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ მდგომარეობაში ვართ. ზურაბ ადეიშვილი არის საქართველოში ხუთგზის ნასამართლევი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში შექმნა სადისტური წამების, ადამიანის მკვლელობის, ქონების წართმევის, უამრავი სისასტიკის, სისაძაგლის სისტემა და ეს ყველაფერი, მათ შორის, არის ამ ადამიანის ნამოქმედარი. აი, ამ ადამიანს იღებენ იმ კაბინეტებში და რაღაც კანონის უზენაესობაზე და სისხლის სამართლებრივ პრინციპებზე ესაუბრებიან, სადაც მერე ასევე ვსხდებით ჩვენ და რეკომენდაციებზე გვთხოვენ, ეს პუნქტი შეასრულეთ, ის პუნქტი არ შეასრულოთო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.