სიმართლეა, რომ ქვეყანაში „ენჯეო“ სექტორის საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა, ტყუილია, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა, რადგან ისინი დეკლარაციებს აბარებენ, თუ „ენჯეო“ სექტორი დღგ-ს მოხსნას არ ითხოვს, მათ დეკლარაციებში მითითებულია მხოლოდ თანხები და მეტი არაფერი – არც თანხების წარმომავლობა და არაც ადრესატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომ კანონს რუსული დაარქვან.
„ვინაიდან, საგადასახადოში წარდგენილი ინფორმაცია საიდუმლოა, ეს თანხები საზოგადოებისთვის უცნობია. მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი საქმიანობა ბურუსით მოიცვან. მაშინ, როცა საქართველოა ბიუჯეტი სრულიად გამჭვირვალეა ისევე, როგორც პოლიტიკოსებისა და პარტიების, რადგან დეკლარაციების ვალდებულება არსებობს, ამ პირობებში ენჯეო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის. მათი საქმიანობა მთლიანად დაფარულია ბურუსით. ტყუილია, რომ კანონპროექტი ყველას ეხება. ეხება მხოლოდ იმ „ენჯეო“ სექტორსა და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსებაც 20 პროცენტით და მეტი უცხოეთიდან არის. ცვლილებები არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, ფერმერებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს, ინდმეწარმეს, კომერციულ ორგანიზაციებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, გარკვეულმა პირებმა გასულ წელს საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.
„ერთსა და იმავე წყალში ვერ შევა ვერც ოპოზიცია და ვერც „ენჯეო“ სექტორი, ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის თუ მის გარეთ, რომ ტყუილის პროპაგანდირება კიდევ ერთხელ შეძლონ. ტყუილია, რომ ეს კანონი რუსულია. არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, არც მცირე და არც დიდზომიანი, რომ კანონს რუსული დაარქვან. ერთი წლის წინ საზოგადოება დეზინფორმაციის საფუძველზე მოატყუეს, როცა დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ევროპულ ქვეყნებში, ამერიკასა და უკრაინაში მოქმედებს, რაიმე სახით რუსული იყო. ეს არის ქართული კანონი ევროპულ მაგალითზე შექმნილი, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედმა „ენჯეო“ სექტორმა გამოაააშკარაოს დამალული დაფინანსების წყაროები, რაც აქამდე მიჩქმალული იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.