მათეუშ მორავიეცკი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე,“ – აღნიშნულია წერილში.

მათეუშ მორავიეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას.

პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს.

„რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ,“- აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.

წინა სტატიაშიჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს