მათე დევიძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციას სინდისის პატიმრის და, ელენე დევიძე შეუერთდა – ახალგაზრდამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ ციხეში მყოფი მათე დევიძის გზავნილი გადასცა.
“მათემ თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა. ძალიან უყვარხართ” – უთხრა ელენე დევიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც თბილისის ცენტრალურ გამზირზე ღამის გათენებას აპირებენ.
სიმართლეს ვიზეიმებთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ქართველები და საქართველო ამას იმსახურებს. მათემ თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა. ძალიან უყვარხართ, მეც ძალიან მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ყოველ დღეს, ყველა სიტუაციაში იბრძვით სიმართლის დასაცავად”. – განაცხადა ელენე დევიძემ.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც თავდაპირველად, პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტის ტალღამ ჭავჭავაძის გამზირი მას შემდეგ მოიცვა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.