21 წლის აქტივისტს მათე დევიძეს, რომელმაც განაჩენის გამოცხადებამდე თქვა, რომ დარბაზში გაჩერება არ შეეძლო და სხდომიდან გავიდა, 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მათე დევიძემ დარბაზში საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და სხდომა დატოვა, განაცხადა რა, რომ არ შეუძლია იქ ყოფნა:
“იცით ყველამ, რომ აქ თქვენ სანახავად მოვდიოდი. დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება. დიდი ხანი ვეღარ მნახავთ. იცით ყველამ, რომ თბილისში აქციებზე თელავიდან ჩამოვდიოდი, რადგან თანამონაწილეებთან ერთად გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე როდესაც დაიწყო ფორმიანმა დაჯგუფებამ პატარა, ლამაზი სამყაროს დანგრევა და სისხლიანი ხელებით შელახვა, მაგ დღეს 2 დღის უძილო ვიყავი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როდესაც მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება, მე შეხლა-შემოხლაში მოვყევი.
იცით, შემდეგ რაც მოხდა. მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დასისხლიანებული იყო, პოლიციელი არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული? შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება ჩვენსა და მათ შორის. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებული. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ცეცხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ვტოვებ თქვენ ბინძურ სამფლობელოს. მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში.” – განაცხადა მათე დევიძემ.