“მათ სწამთ, რომ NATO-ს ფარით შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – ბუში-პუტინის ფარული ჩანაწერი 2008 წელს საქართველოზე

ამერიკულმა ორგანიზაცია National Security Archive-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც 2008 წლის 6 აპრილით თარიღდება. სხვა გლობალურ საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც განიხილავდნენ.

შეხვედრაზე პუტინი ამტკიცებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი “საქართველოს შიდა პრობლემაა” და იქ “ეთნიკური პრობლემები არსებობს, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდება”:

“რაც შეეხება საქართველოს. მათ სწამთ, რომ NATO-ს ფარით შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს სწორი გზაა, გადაიფარონ NATO-ს სამხედრო ქოლგა და დაიწყონ სამხედრო ოპერაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? იქ პარტიზანული ომი დაიწყება, როგორც ავღანეთში. დაიწყებს თუ არა NATO იქ ომს? რა თქმა უნდა არა.

საქართველოს მოსახლეობა უნდა ვაიძულოთ, სხვა საშუალებებით მოაგვარონ შიდა პრობლემები. თუ იძულებული გახდებიან, ამას გააკეთებენ. იქ არის ეთნიკური პრობლემები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ისე, რომ მცირე ეთნიკურ ჯგუფებს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მაგრამ თუ ისინი ხალხს NATO-ში გაწევრიანების საფრთხით შეაშინებენ, ეს არ იმუშავებს. ისინი მაინც ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას.

თქვენ ნახავთ ხალხს, რომლებიც მთებიდან ჩამოდიან და ყველა მიმართულებით ისვრიან. ხალხს, რომლებსაც ისე ეცმევათ, როგორც მათ, ვინც თქვენთვის გასულ ღამეს ცეკვავდა. რუსეთმა ეს კარგად იცის და იქ მეგობრებს იძენს. როდესაც აქ ომი იყო 10 წლის წინ, ჩეჩნებმა შეწყვიტეს ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ და იქ საბრძოლველად წავიდნენ. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ ქართველების თავებით. მათი ერთ-ერთი ლიდერი, ორი წლის წინ, ჩვენ გავანადგურეთ, მაგრამ იქ კიდევ ბევრია. ჩვენ არ გავგზავნეთ ისინი იქ, მაგრამ ისინი ყველა აქ იყვნენ, როდესაც ომი დაიწყო. საქართველო უნდა აიძულონ, ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ წაახალისებს მათ, რომ ეს საკითხი სამხედრო საშუალებებით იარაღის აღებით მოაგვარონ. რუსეთისთვის კი ყოველთვის არსებობს ჩვენი საზღვრების მახლობლად ახალი სამხედრო ბაზებისა და იარაღის სისტემების საფრთხე. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი არგუმენტია ამ განვითარების წინააღმდეგ” -უთხრა პუტინმა ბუშს შეხვედრისას.

banner
წინა სტატიაშიSpotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩი NATO-ში: “უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს”