“სანქციები იქნება, ამიტომ მათ აქვთ დრო იმისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ,” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საუბრობს.
გიგაური აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ კონკრეტულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს შეეხება შეზღუდვები. სწორედ ამიტომ გიგაური მოუწოდებს “ოცნებას”, რომ გადახედონ გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეუშალონ.
“სანქციები იქნება, იქნება კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული ადამიანების ოჯახის წევრებზე და ეს, პირველ რიგში, მათ შეუქმნით პრობლემებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მათ აქვთ დრო იმისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ, მაგრამ აქ გადაწყვეტილებაზე როცა არის საუბარი, საუბარი მხოლოდ იმაზე კი არ არის, რომ ეს რუსული კანონი არ მიიღონ, არამედ იმაზეც არის, რომ გააკეთონ ყველაფერი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, სადაც კონკრეტული უწყებები, როგორიც არის ცესკო, პროკურატურა, სუს-ი თუ სხვა ორგანოები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ წინასაარჩევნო პერიოდში, მათ ეს პოლიტიკური დავალებები არ შეასრულონ და ჩვენ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები,“ – ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.