ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები გარე ძალების გავლენისგან დაცული უნდა იყოს. ფეზეშქიანის მტკიცებით, რეგიონში გარე აქტორების ჩარევა პრობლემებს არ აგვარებს, არამედ მათ კიდევ უფრო ართულებს.
ირანის ლიდერმა სომხეთს ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ყოვლისმომცველი ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე დასრულდება, რაც ახალ ეკონომიკურ, სატრანსპორტო და საბაჟო შესაძლებლობებს გააჩენს.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა ირანის ხელმძღვანელობასა და ხალხს სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ერევანი მხარს არ დაუჭერს ირანის ინტერესების საწინააღმდეგო ინიციატივებს.
„სომხეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ინიციატივებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ირანის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


















