ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი MASSIVE ATTACK საქართველოში კონცერტს აღარ ჩაატარებს – ამის შესახებ ინფორმაციას “Black Sea Arena” სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, მხოლოდ იმას რომ 28 ივლისს, შეკვეთილში, კონცერტი აღარ გაიმართება.
“Black Sea Arena” არ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რა რატომ გაუქმდა ჩანიშნული ღონისძიება.
სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში”, – წერს “Black Sea Arena”.
ცნობისთვის, იქამდე სანამ ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის კონცერტი გაუქმდებოდა, ქართველმა ხალხმა MASSIVE ATTACK-ს ოფიციალური განცხადებით მიმართა. საზოგადოება ბენდს მოუწოდებდა, საქართველოში არსებულ საგანგებო პოლიტიკურ ვითარებას გაცნობოდნენ და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების მიმართვას მუსიკალურმა ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. MASSIVE ATTACK-მა სოციალურ ქსელ “X”-ზე დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.