მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე – გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს “ქართულ ოცნებაში” კრიტიკულად აფასებენ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. დეპუტატები საარჩევნო მარათონის შემდეგ პირველად იკრიბებიან.

ქუთაისში უკვე კეთდება პოლიტიკური განცხადებები. გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეეხება, მმართველი პარტია პასუხობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, ამბობს, რომ საზოგადოებას რევოლუციური სცენარი არ აინტერესებს.

„ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც ძირითადად არიან ინდივიდები, თითქოს პარტიები, ძალიან რთულ მდგომარეობაში უხდებათ გადაწყვეტილების მიღება და შეგულიანება თავის მხარდამჭერების. ერთი მხრივ, ავანტიურისტი არაადეკვატური მოწოდებებით, რევოლუციური სცენარით, რომელიც ეკრანიდან მიესალმება საზოგადოებას, მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს ვაშაძის პოლიტიკური მომავალი და მესამე მხრივ, მთავარი თემა, რაც არის, არის საერთაშორისო დამოკიდებულება არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე, გაერთიანებულ ოპოზიციას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის დიდი სხვაობაა.

„მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არეჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. ყველა შეკრება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა მშვიდობიან ვითარებაში, რადგან ჩვენპატივს ვცემთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, თუმცა, კანონი იქნება განუხრელად დაცული,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გუშინ გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის, რადგან მათი განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევების, ძალადობის და დაშინების ფონზე წარიმართა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ კვირას, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი : ალბათ, ჩამოვყალიბდებით, ავლაბრის სასახლეს რა ბედი ეწევა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე – სპეციალისტებმა სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყეს