10 ივნისს, შუაღამის შემდეგ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ოკუპანტებმა კიევსა და ოდესას შეუტიეს.
ოდესის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 2 და დაშავდა 9 ადამიანი. ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, სამშობიარო სახლის ადმინისტრაციული შენობა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგური.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა. კიევის შვიდ რაიონში დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, ბიზნეს-ცენტრი, აფთიაქი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები. კიევში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები.
ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს უკრაინაზე შეტევა. არაერთი მასირებული იერიში იყო დედაქალაქ კიევზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის პასუხი თავის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმებზე, რომლებსაც „ტერორისტულს” უწოდებს. რუსეთი ირწმუნება, რომ სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შესახებ, – იტყობინება რადიო თავისუფლება.